Tuesday, June 5, 2012

ვაზის თავისებურება

ვაზის თესლით ანუ წიპწით გამრავლების შემთხვევაში მას უვითარდება ერთი მთავარი ფესვი, რომელიც ვეგეტაციის პერიოდში იტოტება და წარმოქმნის რამდენიმე წყება ფესვებს. გაღივებული წიპწის ჩანასახიდან ვითარდება მთავარი ფესვი და იწყებს განვითარებას შვეულად. ყელის გამსხვილებულ ნაწილზე წარმოიშვება ფესვის პირველადი განტოტება. ისინი ნიადაგში მიემართება დახრილად. შემდეგ ვითარდება მეორადი წყება ფესვების, რომელიც უფრო წვრილია, მესამე წყება ფესვების მოკლეა, შემდეგ შეიძლება განვითარდეს მეოთხე და მეხუთე წყება ფესვებიც. მთავარი ფესვი ხსირად ერთ მეტრს და მეტს აღწევს. ვაზის რქით გამრავლების შემთხვევაში მას თავიდანვე მუხლიდან უვითარდება ფესვთა სისტემა. ვაზის რქაზე ფესვების წარმოშობა ხდება ყოველი მუხლის ზონაში, წრისებურად ან თანაბრად. ვაზი ეკუთვნის მხვიარა მცენარეთა ჯგუფს და ამიტომ იგი განვითარებისათვის საჭიროებს საყრდენზე დამაგრებას. ვაზის სიმაღლემ შეიძლება მიაღწიოს 15_22 მეტრს. იგი ახლოს მდგომ მცენარეს ემაგრება პწკალით ან ულვაშით. ვაზს ახასიათებს ტანის ანუ შტამის განვითარება. ვაზის შტამი მის მთელ სიგრძეზე უთანაბროდაა განვითარებული და ფორჩხების თავისებურებების მიხედვით მასზე განვითარებულია მხარი და ფხა. მხარი უშუალოდ ვაზის ტანზეა დაკავშირებული და აღზრდასთან დაკავშირებით მისი რაოდენობა და სიგრძეც სხვადასხვაგვარია. რქა ვაზის ერთწლიან ნაზარდს წარმოადგენს. ამ სახელს იგი ატარებს გახევების ანუ დამწიფების შემდეგ, მანამდე მას ყლორტი ეწოდება. ყლორტი წარმოიშვება რქაზე არსებული კვირტიდან. ახალგაზრდა ყლორტზე ვითარდება ფოთლები, კვირტები, პწკარები, ნამხრევები და ყვავილედები.ფოთოლი ვაზისათვის ერთ-ერთი ძირითადი ორგანოა. ფოთოლი შედგება ყუნწისა და ფირფიტისაგან. ფირფიტა შეიძლება იყოს მომრგვალო, ოვალური ან გრძელი. ყუნწის შეერთების ადგილიდან გამოდის ძირითადი ძარღვები. შემდეგ იტოტება და ქმნის ძარღვიან ბადეს. ვაზის ფირფიტისათვის დამახასიათებელია დანაკვთულობა, რაც უშუალოდ დამოკიდებულია ჯიშის ნიშან-თვისებებზე.

No comments:

Post a Comment